დადიანების სასახლე
ზუგდიდის
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, სადაც ინახება მსოფლიო მნიშვნელობის
სამუზეუმო ექსპონატები და მართლმადიდებლური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს
სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
დადიანების
სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე,
მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
დედოფლისეული
სასახლე XIX ს-ის 60-იან წლებშია გადაკეთებული
გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის
სასახლე იყო. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული
სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ.
რეზიდენცია ორსართულიანია , ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო
დარბაზი.
მუზეუმი
დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა
საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გამოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
მის
ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური
ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
ზუგდიდის
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ.
იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი
ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.
ზუგდიდის
მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული : წმ. მარინეს
მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ნარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე
ნათლისმღების ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთასებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ლუსკუმში,
რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით.
მუზეუმის
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური,
იაპონური, ფრანგული, რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები; ბროლის,
ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი სერვიზი, ლარნაკები, ვაზები, ალბომი ოქროს ფურცლოვანი
ყდით, ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო
ნიმუშები, ვერცხლის ქამარ-ხანჯლები.
მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა
შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I – ის (1769 – 1821) ბრინჯაოს ნიღაბი,
რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780 – 1838) პარიზში
1833 წელს.
განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ-კულტურული ძეგლები-სურათები და წიგნები, რომელიც
ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია,
ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები.
პრინც
აშილ მიურატი ცნობილი მხედარმთავრის ნაპოლეონის დისა და სიძის (მისი დის კაროლინ მონაპარტის
მეუღლის), ნეაპოლის მეფის, მარშალ იოაჰიმის შვილის შვილი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა
დავით დადიანის ქალიშვილი სალომე. საფრანგეთში მონარიის გაუქმების (1879წ) შემდეგ აშილი
საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიქვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა.
მუზეუმში ინახება ნაპოლეონ I-ის კორესპონდენციები 32 ტომად, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარია; ფრანჩესკო ანტომაკის "ნაპოლეონის უკანასკნელი წუთები", რომელიც მან 2 ტომად გამოაქვეყნა 1823 წელს და ლ. გალუას "იოაჰიმ მიურატის ისტორია"(1828 წ. ); აგრეთვე ფრანგული მხატვრული ლიტერატურის უმდიდრესი კოლექცია, ძვირფასი ენციკლოპედიები, ევროპული კლასიკური ოპერებისა და ოპერეტების კლავირები; საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური თხუზულებები, მათ შორის მარი ბროსეს "ქართლის ცხოვრება" თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფითა და მინაწერებით.
ბიბლიოთეკას ამშვენებეს სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის საჭადრაკო
პარტიების ლამაზი დაბოლოებანი, ანდრიას მეგობრის შიფერსისი მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული
კიევში 1903 წელს.
მუზეუმს გააჩნია მდიდარი
სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლიც შეიცავს XIX ს. – XX ს – ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული
წიგნების შესანიშნავ კოლექციას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული და სხვა სახის ლიტერატურა.
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს
ქართველი, რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. მათ შორის განსაკუთრებულია გერმანელი
ფერმწერის ფრანს ქსავერ ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი.
დადიანების საგვარეულო
კოლექციაში ინახება უცნობი მხატვრის შესრულებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო
დადიანის (1847 – 1903) პორტრეტი. აქვეა წარმოდგენილი ის იარაღი, რომლითაც ის და მისი
ძმა ანდრია დადიანი დაჯილდოვდნენ ბალკანეთის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის.
ნიკომ ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა
დადიანთა უნიკალური ბიბლიოთეკა. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა უამრავი საქველმოქმედო
ორგანიზაცია, სასწავლებლები, უმწეოთა სახლები, აფრიაქები...
ანდრია დავითის ძე დადიანი
პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო
სამყაროში. 1900 – 1904 წლებში ანდრია მონტე – კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის
პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი “ლამაზი პარტიებისათვის “.
ამ ლამაზი კუთხის ისტორიული
წარსულიდან ცნოილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა
რეზიდენციად. ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი.
ვახუშტი ბაგატიონიშვილის ცნობით ირკვევა, რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდდა
: “ დიდ
ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პლატებიანი, ზღუდე _გოდლიანი
“...
ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ–ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია– პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა.
მთავრისეული ტაძარი დადიანების ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენებლობა 1825–1830 წლებში მიმდინარეობდა. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ IV–ის მეუღლეს ელენს. ტაძარი ეკუთვნოდა მთავარს და მის ოჯახს. მოუხატავთ XIX საუკუნის 50–იან წლებში.
მაცხოვრის კარის ეკლესია ქალაქის ჩრთილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით.
გადმოცემის
მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას, მეფესთან დაახლოვებული
პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა
ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის
სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს-
ღვმთისშობლის სამოსელს, რომლისგანაც სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა
ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს
აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე,
თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმინდა
სამოსელით კონსტანტინეოპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც
წმინდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
469
წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეოპოლმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა
ომოფორი და სარტყლის ნაწილი.
დედა
ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნალ მეფეს-გიორგი XII-ს.
მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში
წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ
ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
იმპერატორმა
ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის
საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის
ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული
მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მეკვიდრემ
მთავარმა ლევან V დადიანმა,რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს, მარტვილის ეკლესიაში
დაბრძანებული ვლაქერნის ღვმთისმშობლის ხატი ზუგდიდიში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვმთისმშობლის
სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.
1990 წელს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის , ილია II – ის ლოცვა – კურთხევით
ტაძარში მსახურება განახლდა.
ყოველი წლის 15 ივლისს,
( ძ. სტ. – 2 ივლისი), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის დღეს, ზუგდიდის
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წორვა – ლოცვა, ხდება
კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმიდან.
დღესასწაულზე კვართზე
სამთხვევად ჩამოდის მთელი მსოფლიოს მართმადიდებელი მრევლი.
მთავრისეული ტაძარი დადიანების ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენებლობა 1825–1830 წლებში მიმდინარეობდა. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ IV–ის მეუღლეს ელენს. ტაძარი ეკუთვნოდა მთავარს და მის ოჯახს. მოუხატავთ XIX საუკუნის 50–იან წლებში.
მაცხოვრის კარის ეკლესია ქალაქის ჩრთილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)