
მის
ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური
ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
ზუგდიდის
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ.
იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი
ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.
ზუგდიდის
მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული : წმ. მარინეს
მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ნარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე
ნათლისმღების ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთასებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ლუსკუმში,
რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით.

